ქართულ-ინგლისური სასწავლო ონლაინლექსიკონი

ქართულ-ინგლისურ სასწავლო ონლაინლექსიკონი დაგეგმილია როგორც ტექსტის სინთეზზე ორიენტირებული აქტიური მიმართულების ლექსიკონი (active dictionary) ინგლისური ენის ქართველი შემსწავლელებისათვის. ენის სწავლების/სწავლის პროცესში ყველაზე რთული საფეხური არის ტექსტის შედგენა და არა მისი გაგება და გულისხმობს, ერთი მხრივ, სწორ მეტყველებას, ინგლისურ ენაზე წინადადებების სწორად აგებას და, მეორე მხრივ, გამართულად წერას ინგლისურ ენაზე. ეს ამოცანა ლექსიკოგრაფს განსხვავებულ ამოცანებს უყენებს და სალექსიკონო სიტყვა-სტატიაში ქმნის ბევრად მეტი ინფორმაციის შეტანის საჭიროებას.

აქტიური ლექსიკონის მოდელის პრინციპები ჩამოყალიბებულია იგორ მელჩუკის „ლექსიკური ფუნქციების“ თეორიის მიხედვით, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი სიტყვის სინტაქსური და ლექსიკური შესიტყვებების ყველა სახეობა. ინგლისური ენის ქართველი შემსწავლელისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესიტყვებები და მათი ინგლისური ეკვივალენტები, რასაც ქართულ-ინგლისურ სასწავლო ლექსიკონში დიდი ყურადღება მიექცევა.

ქართულ-ინგლისური სასწავლო ლექსიკონისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მაკროსტრუქტურა, ანუ ის სიტყვები, რომლებიც ლექსიკონში შევა. სიტყვანის შერჩევა ეფუძნება როგორც სიხშირულ პრინციპს, ასევე ექსპერტულ ცოდნას.

ქართულ-ინგლისური სასწავლო ლექსიკონისათვის გამოყენებული იქნება ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსისა და დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონის მასალა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ლექსიკონის მაკროსტრუქტურაზე, შემდეგ ეტაპზე კი დამუშავდება ის მეთოდები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება ლექსიკონიდან და კორპუსიდან მასალის ავტომატურად ამოღება და დამუშავება, რაც გაადვილებს და დააჩქარებს ლექსიკონზე მუშაობას.

ლექსიკონის სიტყვანის დადგენასა და სალექსიკონო სიტყვა-სტატიის მოდელის აგებაზე მუშაობს დოქტორანტი სალომე ჭიღლაძე. პროექტზე ასევე მუშაობენ: თინათინ მარგალიტაძე, ზაქარია ფურცხვანიძე, გიორგი ქერეჭაშვილი.

lexicography