„ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე დაარსდა 2020 წელს. იგი დააარსა პროფესიონალი ლექსიკოგრაფების გუნდმა, რომელთაც მრავალი ლექსიკოგრაფიული და კორპუსული პროექტი აქვთ განხორციელებული.
„ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ ხედვა და მისია
ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ხედვით, დღევანდელ სამყაროში მოქალაქეებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მათთვის საჭირო მთელს ინფორმაციაზე ენის შესახებ და უნდა შეეძლოთ მისი გამოყენება დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ასაშენებლად, აგრეთვე საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის.
ცენტრის მისია არის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ქართული ენისა და სხვა ენების განვითარებისთვის ხელის შეწყობა. ცენტრი ქმნის და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია შეიქმნას მაღალი ხარისხის ენობრივი მონაცემები ლექსიკოგრაფიისთვის, ელექტრონული კორპუსებისთვის, მანქანური თარგმნისთვის, ხელოვნური ინტელექტისთვის და სხვა ანალოგიური მიზნებისათვის.