ლექსიკონზე მუშაობენ სიბილა გელაძე და მზაღო დოხტურიშვილი
ფრანგულ-ქართული სასწავლო ონლაინლექსიკონი „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ ორენოვანი სასწავლო ონლაინლექსიკონების ციკლის მეორე ლექსიკონია და იგიც იქმნება იმ ლექსიკოგრაფიული პრინციპებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია თ. მარგალიტაძისა და გ. მელაძის სტატიაში „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი – ორენოვანი ევროპულ-ქართული ლექსიკონების საფუძველი“.
ლექსიკონისათვის შემუშავებულია ვრცელი სამეცნიერო აპარატი, რომელშიც დეტალურადაა განხილული სალექსიკონო სიტყვა-სტატიის ყოველი კომპონენტი: მართლწერა, წარმოთქმა, გრამატიკული კვალიფიკაციები, პოლისემია, საილუსტრაციო ფრაზები და წინადადებები, იდიომები და სხვა. ლექსიკონის სტრუქტურაზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა ფრანგული ენის ავტორიტეტული ლექსიკონები: ლარუსი, რობერი, ლიტრე, აშეტი, ასევე ორენოვანი ლექსიკონების: ფრანგულ-ინგლისური, ფრანგულ-ლათინური, ფრანგულ-იტალიური, ფრანგულ-ესპანური, ფრანგულ-რუსული ლექსიკონების სტრუქტურები.
ამ ეტაპზე შედგენილია ლექსიკონის ერთი მესამედი. 2023 წლიდან დაიწყება მუშაობა სიტყვა-სტატიების რედაქციასა და გამოსაცემად მომზადებაზე. დასრულებული ლექსიკონი ონლაინლექსიკონის სახით გამოქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებსაიტზე.
- თ. მარგალიტაძე, გ. მელაძე. „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი –
ორენოვანი ევროპულ-ქართული ლექსიკონების საფუძველი“. ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „სპეკალი“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2013 http://www.spekali.tsu.ge/index.php/en/article/viewArticle/7/62/