ენა მუდმივად იცვლება და ეს მისი სიჯანსაღის მაჩვენებელია, რადგან არ იცვლებიან მხოლოდ მკვდარი ენები, რომლებზეც აღარავინ ლაპარაკობს. ენის ცვლილების ერთ-ერთი მკაფიო მაჩვენებელი მასში ახალი სიტყვების, ნეოლოგიზმების გაჩენაა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ნეოლოგიზმები ძალიან მომრავლდა მსოფლიოს სხვადასხვა ენაში. ინტერნეტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ, რომლის ძირითადი ენა ინგლისურია, იგი აქცია ნეოლოგიზმების მთავარ წყაროდ მრავალ ენაში, მათ შორის ქართულშიც. ინგლისური ენაა წყარო ტერმინებისა (მაგ. სენსორი), ბარბარიზმებისა (მაგ. აროგანტული), სლენგისა (მაგ. ქრაში), რის გამოც ქართულ საზოგადოებას ერთმანეთში ერევა ეს ცნებები და ყველაფერს ნეოლოგიზმს უწოდებს.
ნეოლოგიზმი შეიძლება იყოს ნასესხობა, ასევე ახალი სიტყვა, რომელიც ენაში იქმნება ამავე ენის რესურსების გამოყენებით; ნეოლოგიზმია სიტყვის მნიშვნელობის ევოლუცია და ახალი პოლისემიური მნიშვნელობის გაჩენა; ნეოლოგიზმია ახალი ტერმინი, რომელიც ამა თუ იმ დარგში მკვიდრდება და სხვა. აქედან გამომდინარე, ნეოლოგიზმის წყარო შეიძლება იყოს შიდა, ანუ ენის რესურსებით შექმნილი სიტყვები და გარე, ანუ სხვა ენიდან შემოსული სიტყვები. შესაბამისად, ნეოლოგიზმი შეიძლება იყოს სიტყვაწარმოების შედეგად შექმნილი სიტყვები, ნასესხები სიტყვები, კალკი და სხვა.
ნეოლოგიზმების თემა ძალიან ფართოა და მრავალ კერძო საკითხს მოიცავს. ჩვენ გვაინტერესებს ამ საკითხის ლექსიკოგრაფიული ასპექტები. ამოცანები, რომლის წინაშეც ლექსიკოგრაფები დგანან არის, ერთი მხრივ, ნეოლოგიზმების მოძიებისა და შეკრების მეთოდები, ხოლო მეორე მხრივ, მათი ლექსიკონში შეტანის საკითხები.
მაშასადამე, ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ, რა მეთოდებით მოვიძიოთ ახალი სიტყვები, რომელი წყაროები გამოვიყენოთ ამისათვის. ჩვენ ასევე გვაინტერესებს განვსაზღვროთ ნეოლოგიზმების ლექსიკონში შეტანის საკითხები: როდის უნდა შევიტანოთ ლექსიკონში ახალი სიტყვები, რა გამოცდილება არსებობს დასავლეთში ამასთან დაკავშირებით, რამდენი წლის შემდეგ შეაქვთ ისინი ლექსიკონში ან რა სიხშირეს უნდა მიაღწიოს სიტყვის გამოყენებამ, რომ ლექსიკონში დაიმკვიდროს ადგილი.
რასაკვირველია, ლექსიკონების განახლება აუცილებელი პროცესია. ელექტრონული კორპუსების ეპოქაში კი ახალი სიტყვის ლექსიკონში შეტანა დამოკიდებულია კორპუსულ მონაცემებზე. კორპუსები გვაძლევს ინფორმაციას არა მხოლოდ მოცემული სიტყვის გამოყენების სიხშირეზე, არამედ კონტექსტის ტიპებზეც.
სიტყვა მაშინ შედის ლექსიკონში, როდესაც ის გამოიყენება ბევრი ადამიანის მიერ, რომლებიც თანხმდებიან ამ სიტყვის მნიშვნელობაზე. რაც უფრო ხშირია მისი გამოყენება, იზრდება ალბათობა იმისა, რომ ლექსიკოგრაფი შენიშნავს სიტყვას და შეიტანს მას ლექსიკონში. ლექსიკოგრაფის მოვალეობაა დააკვირდეს ენობრივ ცვლილებებს და მოიძიოს ახალი სიტყვები, რომლებიც ხშირად გამოიყენება, მაგრამ ლექსიკონში ჯერ კიდევ არ არის შეტანილი.
ნეოლოგიზმების შესწავლა ეფუძნება იმ საერთაშორისო გამოცდილებას და მიდგომებს, რომლებიც ასახულია მრავალრიცხოვან თანამედროვე პუბლიკაციებში. ლექსიკოგრაფიული რეკომენდაციები ახალი სიტყვების ლექსიკონში შეტანის თაობაზე ასევე დაეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და ჩვენ მიერ მოძიებული ემპირიული მასალის კვლევას.
პროექტზე მუშაობის ამ ეტაპზე შემუშავებულია ნეოლოგიზმების ავტომატურად მოძიების მეთოდები, ასევე კორპუსის შექმნის პრინციპები, წყაროები, მოცულობა.
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გაგრძელდება მოძიებული ნეოლოგიზმების კლასიფიკაცია და სტრუქტურულ-სემანტიკური დახასიათება. ასევე შემუშავდება ნეოლოგიზმების ლექსიკონებში შეტანის რეკომენდაციები.
პროექტზე მუშაობს დოქტორანტი თამარ ლალუაშვილი.
პროექტზე ასევე მუშაობენ: თინათინ მარგალიტაძე, ზაქარია ფურცხვანიძე და გიორგი ქერეჭაშვილი.