„დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ პირველი გამოცემა მოიცავს 1995-2010 წლებს, როდესაც ლექსიკონი გამოდიოდა ნაკვეთებად.
2010 წელს შეიქმნა ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ონლაინვერსია და იგი ინტერნეტში განთავსდა მისამართზე: www.dict.ge. ლექსიკონის ინტერნეტში განთავსებამდე ლექსიკონი გადამუშავდა და ინტერნეტში აიტვირთა მისი მეორე გამოცემა.
ამჟამად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება მუშაობა ლექსიკონის მესამე გამოცემაზე. მესამე გამოცემა ითვალისწინებს ლექსიკონის მასალის განახლებას, გადამუშავებას და მასში იმ ცვლილებების ასახვას, რაც ინგლისურ ენაში მოხდა ბოლო ათწლეულში. სიხშირული პრინციპის გამოყენებით ზუსტდება სალექსიკონო სიტყვა-სტატიაში მნიშვნელობების თანამიმდევრობა, ცალკეულ სიტყვებს ემატება ახალი მნიშვნელობები, ლექსიკონი ივსება ახალი სიტყვა-სტატიებით. ლექსიკონის მასალა მზადდება გამოსაცემად ბეჭდური ლექსიკონის სახით ორ ან სამ ტომად.
გარდა ამისა, მესამე გამოცემა ითვალისწინებს „ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონის“ მონაცემთა ბაზის განახლებას და ლექსიკონის თანამედროვე, ახალი ონლაინვერსიის შექმნას. პროგრამული უზრუნველყოფის ფრანგი მწარმოებლის IDM-ჯგუფის ლექსიკონის გამოცემის სისტემა DPS (Dictionary Publishing System) არის ის პლატფორმა, რომელშიც ხდება ლექსიკონის მონაცემთა ბაზის გადატანა, კონვერტაცია და ახლებურად სტრუქტურირება. ეს პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ლექსიკონის მომხმარებლები მიიღებენ ბევრი ახალი ფუნქციონალით აღჭურვილ ონლაინლექსიკონს.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონის მესამე გამოცემაზე მუშაობენ:
თინათინ მარგალიტაძე, გელა ხუნდაძე, ნათია კვერნაძე, გიორგი მელაძე, მაია დავლიანიძე.