პროექტის ხელმძღვანელი გიორგი მელაძე
ლექსიკონზე მუშაობენ: სოფია გოჯაევა (ცენტრის მკვლევარი), გიორგი მელაძე,
თინათინ მარგალიტაძე
„ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ მუშაობის ერთ-ერთი მიმართულებაა ორენოვანი სასწავლო ონლაინლექსიკონების ციკლის შექმნა იმ ლექსიკოგრაფიული პრინციპებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია თ. მარგალიტაძისა და გ. მელაძის სტატიაში „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი – ორენოვანი ევროპულ-ქართული ლექსიკონების საფუძველი“.
ლექსიკონის სიტყვანი შერჩეულია თანამედროვე კრიტერიუმების მიხედვით და სასწავლო ლექსიკონებისთვის შესაფერისი ლექსიკური მინიმუმის განსაზღვრისადმი მიძღვნილ კვლევებს ეფუძნება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ძანიკელის (Zanichelli) გამომცემლობას შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის ძალითაც „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრს“ ოფიციალურად ენიჭება ძანიკელის იტალიურ-ინგლისური სასწავლო ლექსიკონით სარგებლობის უფლება აღნიშნული პროექტის მიზნებისათვის.
ლექსიკონის მაკროსტრუქტურისათვის შეირჩა ის სიტყვანი, რომელიც მოიცავს იტალიური ენის A1, A2 და B1 დონეებს. ამასთანავე, ციფრულად დამუშავდა იტალიური ენის სახელმძღვანელოთა ტექსტები და შეიქმნა კორპუსი, რომლიდანაც დაგენერირდა მასში შემავალი ლექსიკური ერთეულების სია. სახელმძღვანელოების კორპუსის ლექსიკური ერთეულები შედარდა და შეავსო A1, A2 და B1 დონეების შესაბამისი ლექსიკა, რომლებიც მომავალი ლექსიკონის სიტყვანის საფუძველი გახდება.
ონლაინლექსიკონში დამოუკიდებელ სალექსიკონო ერთეულებად შედის: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა, ზმნიზედა, კავშირი, ნაწილაკი, წინდებული, აფიქსი და შორისდებული. ომონიმები/ომოგრაფები ერთმანეთისგან გამოსაყოფად სუპერსკრიპტებით იქნება დანომრილი (მაგ. foro¹ „ნახვრეტი“; foro² „ფორუმი“). არსებითებს მიეთითება გრამატიკული სქესი (მამრობითი, მდედრობითი და საშუალი). ზმნებში გამოყოფილი იქნება როგორც გარდამავალი, ასევე გარდაუვალი თუ უკუქცევითი ფორმები, თავად ქართული ზმნების მასდარებს კი ფრჩხილებში მიეთითება პირიანი ფორმები (მაგ. abbassare „დახრა (<და>ხრის)“, abbassarsi დახრა (<და>იხრება); appoggiare „მიყრდნობა (<მი>აყრდნობს)“; appoggiarsi „მიყრდნობა (<მი>ეყრდნობა)“ და ა.შ.).
იტალიურ ლექსიკონებში სიტყვებს ტრანსკრიფციები, როგორც წესი, არ მიეთითება. ამისდა მიუხედავად, ვინაიდან ლექსიკონი ენის შემსწავლელთათვის არის განკუთვნილი, მასში თითოეულ სიტყვას მიეთითება საერთაშორისო ფონეტიკური ანბანის სიმბოლოებით გადმოცემული ტრანსკრიფციები. ტრანსკრიფციას იტალიურ ლექსიკონებში ძირითადად იმიტომ არ აჩვენებენ, რომ ითვლება, რომ იტალიური სიტყვების დაწერილობა და წარმოთქმა თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან და იტალიური სიტყვების გამოთქმა გარკვეულ ფიქსირებულ წესებსა თუ კანონზომიერებებს ემორჩილება. მახვილი და ზოგიერთი თანხმოვნის გამჟღერება კი თავად სასათაურო სიტყვებში მიეთითება ხოლმე ხმოვანზე მახვილის ნიშნით ( à, ò, ù, etc.) და სპეციალური ფონეტიკური ნიშნების ∫ [-ზ-] და ჳ [-ძ-] გამოყენებით. შედეგად ამისა, სიტყვები, რომლებიც იტალიურ ტექსტებში წარმოდგენილია ფორმით caso „შემთხვევა“, zero „ნული“, zanzara „კოღო“, იტალიურ განმარტებით ან ორენოვან (იტალიურ-ინგლისურ, იტალიურ-რუსულ და სხვ.) ლექსიკონებში შეიძლება შეგვხვდეს ფორმით cà∫o, ჳèro, ჳanჳàra, რაც, განსაკუთრებით ენის ახალბედა შემსწავლელისთვის, საკმაოდ დამაბნეველია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი იტალიური სიტყვა ჩვეულებრივ (არასალექსიკონო) ტექსტებშიც ხმოვანზე მახვილით იწერება (მაგ. perché „რატომ“). ამდენად, ენის შემსწავლელთა მაქსიმალური კომფორტისთვის, გადაწყდა, სასათაურო სიტყვები მხოლოდ იმ ფორმით მიეთითოს, როგორითაც ისინი იტალიურ ტექსტებში შეიძლება შეგვხვდეს, წარმოთქმის თავისებურებათა აღსანიშნავად კი ფონეტიკური ტრანსკრიფციაა გამოყენებული: caso [ˈkazo], zero [ˈdzero], zanzara [dzandzˈara] და ა.შ.
ამჟამად შედგენილია ლექსიკონის ძირითადი ნაწილი და მიმდინარეობს სალექსიკონო სიტყვა-სტატიების რედაქცია და გამოსაცემად მომზადება. ონლაინლექსიკონში შესაძლებელი იქნება როგორც იტალიური, ისე ქართული სიტყვებისა და შესიტყვებების ძიება. ლექსიკონის პირველი ეტაპი დასრულდება და ინტერნეტში გამოქვეყნდება 2024 წლის დასაწყისში. ლექსიკონის გამოქვეყნების შემდეგაც მასზე მუშაობა გაგრძელდება და ლექსიკონი მუდმივად განივრცობა ახალი სიტყვა-სტატიებით.
საილუსტრაციოდ ქვემოდ მოყვანილია ერთი სიტყვა-სტატია ლექსიკონიდან:
abisso m. 1. უფსკრული (აგრ. გადატ.); precipitarono in un abisso ისინი უფსკრულში ჩაცვივდნენ; sotto di noi si spalancava un abisso ჩვენ ფეხქვეშ უფსკრულს დაეღო პირი; tra me e lui c’è un abisso გადატ. ჩემ და მას შორის / ჩვენ შორის დიდი უფსკრულია / სრული უთანხმოებაა;
- დიდი განსხვავება / სხვაობა; tra lui e suo fratello c’è un abisso მასსა და მის ძმას შორის ძალზე დიდი განსხვავებაა;
- pl რისამე ღრმა / შორეული ადგილები; სიღრმეები; gli abissi del mare ზღვის სიღრმეები; gli abissi della terra დედამიწის სიღრმეები;
- წიგნ. ჯოჯოხეთი, ქვესკნელი; le potenze dell’abisso ჯოჯოხეთის / ქვესკნელის ძალები;
◊ un abisso di ignoranza სრული უმეცრება; essere sull’orlo dell’abisso უფსკრულის / კატასტროფის პირას ყოფნა.
- თ. მარგალიტაძე, გ. მელაძე. „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი –
ორენოვანი ევროპულ-ქართული ლექსიკონების საფუძველი“. ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „სპეკალი“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2013 http://www.spekali.tsu.ge/index.php/en/article/viewArticle/7/62/